ჟურნალი ნომერი 5 ∘ თამარ მეტრეველი ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ და ნიცშეს ტრაგედიის თეორიატრაგედია ის ლიტერატურულ-ფილოსოფიური მოდელია, რომელიც უკავშირდება არა მხოლოდ შიშის განცდას, არამედ კაცობრიობის ზრდისა და განახლების გააზრებას. მის გარშემო ბრუნავს ანტიკური ეპოქა, მანვე განსაზღვრა მსოფლიო ლიტერატურის ისტორია და როგორც ჟანრი აქტუალურია ანტიკური პერიოდიდან, თითქმის ყველა ეპოქაში ვლინდება დიაქრონიული თავისებურებების გათვალისწინებით. არაერთმა ფილოსოფოსმა შექმნა თეორია ტრაგედიის შესახებ, თუმცა გარკვეულ მსგავსებათა მიუხედავად, ყველა მათგანმა განსხვავებულ ჭრილში განიხილა ტრაგედიაცა და მისი რაობაც.
ტრაგედიის თეორია ჩამოაყალიბა ფრიდრიხ ნიცშემაც. გერმანელ ფილოსოფოსს ყოველთვის აინტერესებდა ადამიანი, მისი პრობლემები. ნიცშეს ტრაგედიის თეორია ნოვატორობით გამოირჩევა და გარკვეულწილად ირეკლება მომდევნო პერიოდის ლიტერატურათმცოდნეობაში. აღსანიშნავია, რომ: 1. ტრაგედია ნიცშესათვის არაა მხოლოდ ჟანრი, ესაა მთელი ერა/ეპოქა; 2. ტრაგედიის ნიცშეანური თეორია გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ჰეგელის შეხედულებას (რაციონალიზმსა და წესრიგს უპირისპირებს ირაციონალიზმსა და ქაოსს, გონებას კი ინტუიციას); 3. მისთვის ამოსავალია შოპენჰაუერის ფილოსოფია, რადგან ნებასა და წარმოდგენას განიხილავს აპოლონური და დიონისური საწყისების მაგალითზე, გარდა ამისა მთელ ცხოვრებას მოიაზრებს ტანჯვად; 4. მასთან წესრიგი დეკონსტრუირებულია და საბოლოოდ იმსჭვალება ნიჰილიზმით [Wallace, 2007: 125].
ნიცშეს ტრაგედიის თეორიის დასახელებული ასპექტები აისახა მის წიგნში „ესე იტყოდა ზარატუსტრა“. აქ ჩანს მისი დამოკიდებულება თანადროულობასთან, ტრაგიკულობის განცდა დასავლურ კულტურაში ღირებულებათა გაუფასურების, ორიენტირების დაკარგვის გამო. უმთავრესი თემა მაინც ღმერთის სიკვდილია, რომელიც ნიცშეს ფილოსოფიურ ტექსტის ყოველ მონაკვეთში იჩენს თავს, თუმცა ღმერთის სიკვდილი არ უნდა გავიაზროთ პირდაპირ. „ღმერთი მკვდარია და ამიტომ ადამიანი აღარ ცხოვრობს მაღალი მიზნით, მასში ჩაქრა ღვთიური ცეცხლი, ის კნინდება და „ყოველს ამცირებს“, ჩასჭიდებია „პაწია“ ბედნიერებას, „მცირე სიამოვნებას სადღეისოდ და მცირე სიამოვნებას საღამოდ“ [ბუაჩიძე, 2014: 415].
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მეცნიერება დაწინაურდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განსაკუთრებით განვითარებამ ხელი შეუწყო ადამიანის შესწავლას. ამ ვითარების ფონზე ღმერთის სიკვდილის საკითხი დადგა, ხოლო ნიცშეს სიტყვები: „ღმერთი მოკვდა“, არასწორად გაიაზრეს, მიიჩნიეს, რომ მას ღმერთი არ სწამდა. რეალურად კი მან მისი თანამედროვე ყოფა „მტკივნეულად განიცადა, ის იყო ერთ-ერთი, ვისაც ტრაგედიად ექცა „ღმერთის სიკვდილი“, რაც სწორედ მოდერნის ეპოქის ნიშანი და სულიერი მდგომარეობაა“ [ბრეგაძე, 2016: 12].
გერმანიაში შექმნილი ვითარება და სულიერი კრიზისი ნიცშეანური ფილოსოფიის საფუძველია. ნიცშე თვითონ აკვირდებოდა მისი დროის პროცესებს, რომლებსაც უპირისპირდებოდა. აქ იგრძნობა მისი თანამედროვეობის სრული დეჰუმანიზაცია. ტექნოლოგიურ ცივილიზაციას შეწირული სულიერების გამო საზოგადოება შეაფასა, როგორც ძალაუფლების მოყვარული, ქედმაღალი, სარწმუნოებადაკარგული და ამპარტავანი. „ნიცშე უშუალოდ ხედავს და განიცდის მოდერნულ ვითარებას, ის აანალიზებს საკუთარ ეპოქას და აკეთებს დასკვნას, რომ ადამიანში ცხოველმყოფელი და ღვთაებრივი „ლოგოსი“ იქცა, ასე ვთქვათ, მანქანურ, ცივ „რაციოდ“ [ბრეგაძე, 2016: 16].
ცხადია, რთულად წარმოსადგენია, გერმანელი ფილოსოფოსისა და ქართველი მოდერნისტი ავტორის, ნიკო ლორთქიფანიძის მოსაზრებების მსგავსებაზე საუბარი, მაგრამ მიუხედავად დრო-სიცრცული თუ ეპოქალური სხვადასხვაობისა, მაინც უნდა ითქვას, რომ ნიცშეს ფილოსოფიის მხატვრულ ასახვას წარმოადგენს ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედების არაერთი ნიმუში და განსაკუთრებით „შელოცვა რადიოთი“.
„ნუ ჩაეფლობით წარმოუდგენლობასა და უგუნურობაში“ [ნიცშე, 2014: 110] - ვფიქრობთ, ნიცშეს ეს ფრაზა ეხმიანება ელი გორდელიანის სახეს, თუ ფილოსოფოსი „წარმოუდგენლობასა“ და „უგუნურებას“ პირდაპირ გმობს, ამავეს ნიკო ლორთქიფანიძე ელის, პერსონაჟის სახის გამოკვეთით ახერხებს.
ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“, მოდერნისტული ტენდენციებით ნასაზრდოები ტექსტი, დასავლური კულტურის იმ დროისათვის ნიშანდობლივ მახასიათებლებს, დაკარგულ ღირებულებებს უპირისპირდება. მთავარი პერსონაჟი, ელი გორდელიანი კი მოდერნული პერსონაა, რომელიც სხვადასხვა მცდელობის მიუხედავად ვერ აღიდგენს დაშლილ-დარღვეულ პიროვნულ სახეს - საკუთარ თავს.
სისხლარეული, მაგრამ მაინც ქართველი ქალი - ელი ქაოსს, გაჭირვებას, წარსულს გაურბის და ცდილობს უმოქმედობას განერიდოს, თუმცა მაინც წარსულისა და ახლა უკვე თანადროულობის ბორკილებში ექცევა. ელის ტრაგედიიდან ჩანს ის, რომ სამშობლო ადამიანისთვის უდიდესი ღირებულებაა. სწორედ სამშობლოში დაბრუნების სურვილს და ამის დამსახურებას ეწირება იგი [1].
ელი დასავლურ სამყაროსა და მის დიონისურობას, თავდავიწყებასა და სიამოვნებით ტკბობას უპირსპირდება, ცდილობს იცხოვროს აპოლონურად, მაგრამ ხვდება რომ არ გამოსდის. ევროპაში უცხოდ მყოფი კი მაინც იმედიანად არის განწყობილი და აქვს რწმენა, ამიტომ გადაწყვეტს გველებთან ცეკვასაც და ბოლოს შელოცვის იმედიღა რჩება. შეიძლება ითქვას, რომ მან თავისი სიკვდილით ღირსება დაიბრუნა, „ასეთი სიკვდილი სჯობია განაწამებსა და გაძვალტყავებულ სიცოცხლეს...“ [ლორთქიფანიძე, 1977: 168] - შენიშნა ერთ-ერთმა პერსონაჟმა - თინომ. „ელი გორდელიანმა ტრაგედიით, სიკვდილით დაამკვიდრა თავისი პიროვნული ეროვნული მნიშვნელობა, ნაციონალური მსოფლგანცდის რადიკალიზმი და მკვეთრი, გამომწვევი დემონსტრირებით დაადასტურა საკუთარი ღირსება. მისთვის უცხო დარჩა თვითდამკვიდრების დასავლური წესი...“ [ვასაძე, 2010: 169].
საყურადღებოა ის მამაკაცები, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა ელის. მას ორი ქმარი (ბორენკოვი და შვინდაძე) ჰყავდა, გარდა ამისა საინტერესოა, მასთან დაკავშირებული ევროპელი მამაკაცები - ჰექსლეი და ბრომბლეი. დასავლურ სამყაროში მატერიალური სიმდიდრისადმი ლტოლვა განსაზღვრავდა ჰექსლეისნაირი ადამიანების არსებობას. იგი თითქოს სამართლიანობისკენ ისწრაფვის, გარკვეული მორალური პრინციპები აქვს და უანგაროდ მფარველობს სამშობლოდან შორს მყოფ გოგონას, მაგრამ საკითხავია რეალურად ასეთია თუ არა. მის სიტყვებში ნათლად იკვეთება ის კონტრასტი, რომელიც დასავლურ და ქართულ კულტურებს შორის იყო: „მე მგონია თქვენ ქართველები, ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობთ, და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, თუ როგორ გადაიტანეთ ამდენი, მრავალგვარი უბედურება... მე შეიძლება ისე კარგად არ ვიცოდე თქვენი ისტორია, მაგრამ რაც ვიცი, მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენ მტერს... მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს... და თქვენ გაკაჟებული იბრძოდით არსებობისთვის... - ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი - ევროპული გატაცება მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი - სიმდიდრე, დოვლათი, დოლარი - თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო თქვენი სულის“ [ლორთქიფანიძე, 1977: 142]. მისმა ქმედებამ - მსახურის ყიდვამ, რომელიც ბრომბლეის ეკუთვნოდა, დააფიქრა ელი და მიხვდა, რომ მისი ბედიც რამინოსნაირი იქნებოდა, თუკი თავს არ უშველიდა.
ელის ცხოვრების ჩვენებით ნიკო ლორთქიფანიძემ სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ადამიანთა გაუცხოებასაც გაუსვა ხაზი, „ესაა მოდერნული ქალაქის მოსახლეობა, სადაც ერთი მხრივ, გაბატონებულია მომხმარებლური ინსტიქტები და, მეორე მხრივ მუდმივი მოთხოვნილებაა სანახაობაზე, გართობაზე, დროსტარებაზე“ [ბრეგაძე, 2016: 70] - თუ კონსტანტინე ბრეგაძე ამ ფრაზით აღწერს ზარატუსტრას ქადაგების მსმენელთა მასას, რომელიც ჯამბაზის მოლოდინშია, ნიკო ლორთქიფანიძე ანალოგიურ სიტუაციას გორდელიანების მეზობლებისა და ნაცნობების დიალოგებით წარმოგვიდგენს: „უი ქა! (ეხლა ფრანგული აღარ დასჭირებია) შეხე, შეხე ბები, ჩვენს, ელის!.. რამოდენა ავტომობილში გამოჭიმულა და მიექანება,- წამოიძახა ფანჯარაზე მიყრდნობილმა თინომ...“ [ლორთქიფანიძე, 1977: 128] ან თუნდაც „ელია დამნაშავე! რას გაჰყვა? კაცი აღარ იყო ჩვენში?!“ [ლორთქიფანიძე, 1977: 168] - ელის დაკრძალვაზე წარმოთქმულ ამ სიტყვებში ჩანს მასის ფსიქოლოგია და მათი ერთგვარი დაუნდობლობა, რაც ელის ტრაგედიის მხოლოდ და მხოლოდ ელისათვის „გადაბრალებაში“ იგრძნობა. ჩვენი აზრით, მართალია, ელი გორდელიანმა ყველაზე მეტად ავნო საკუთარ თავს, მაგრამ მისი ბედის უკუღმართობა მარტო მისი არასწორი ქმედებებითაც არ იყო გამოწვეული (ვგულისხმობთ მამის ფაქტორს)[2]. ტრაგიკულობა მხოლოდ ელის, კერძო ადამიანის თანმდევი კი არა, იმ საზოგადოების, შეიძლება ითქვას, ატრიბუტი იყო, რომელშიც მას უწევდა ცხოვრება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ნიცშეს მოსაზრებას, რომ ტრაგედია არაა მხოლოდ ჟანრი, ესაა უფრო მასშტაბური მოვლენა.
ელის ცხოვრება ნიცშეანური პრინციპების გამოვლინებაა. ზოგჯერ ადამიანი მიელტვის ცხოვრების აპოლონურ საწყისს, მაგრამ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მისი ცხოვრება დიონისური უფროა. სწორედ ეს ვითარება, შეჯახება მწარე რეალობასთან ნიცშესათვის ნიჰილიზმის მიზეზი ხდება. ელის ცხოვრების მაგალითზე დაგმობილია დიონისური ცხოვრების სტილი (ბრომბლეისა და ჰექსლეის სახეებია ამის ნიმუში), ნაჩვენებია ზუსტად ის რეალობა, ის საზოგადოება, უფრო კი მასა, რომელიც ნიცშესთვის დასაგმობი იყო. ვფიქრობთ, ნოველის ტექსტში იკვეთება ის, რის გამოც ნიცშე უპირისპირდება ჰეგელის ნააზრევს, რომ ტრაგედია (ამ შემთხვევაში, ელის) ეფუძნება ბობოქარ ვნებებზე დამყარებულ ირაციონალურობასა და არა ჰარმონიულობას. ელის, მასთან დაკავშირებული სხვადასხვა პერსონაჟის სახე მიგვანიშნებს რას შეიძლება გულისხმობდეს ნიცშეს „ღმერთის სიკვდილი“, ადამიანებმა დაკარგეს: ადამიანურობა, სიყვარულის, თანაგანცდის უნარი, უმაღლესი ღირებულებები, შესაბამისად, ღმერთი ჯერ, ცალკეული ადამიანების, შემდეგ კი, საზოგადოების გულში მოკვდა.
შენიშვნები:
1. გველებთან ცეკვის პასაჟი სიმბოლურად შეიძლება გავიაზროთ. იგი ძირითადად დაკავშირებულია სიბრძნესთან, ყოველ გაზაფხულზე იცვლის ტყავს და ამიტომ განახლებასთან ასოცირდებოდა, საღვთო წერილის მიხედვით ცდუნებას უკავშირდებოდა, ასევე სიცოცხლის წართმევასა და ჩუქებასთანაც იყო კავშირში [აბზიანიძე, 2011: 53]
2. მსგავსება არისტოტელესა ჰეგელთან - შესაძლოა პარალელის გავლება ანტიკური ტრაგედიისათვის ნიშანდობლივ კონფლიქტთან, რომელიც ვითარდება დაგვიანებით, მისი მოგვარება უკვე შეუძლებელია, არის განვითარებული მოვლენების შედეგი და იძენს მასშტაბურ ხასიათს [რატიანი, 2011: 41]. რაც შეეხება ჰეგელს, მისი ორი სიმართლის თეორია ელი გორდელიანისა და მამის ურთიერიერთობაში ჩნდება, რადგან თავის მხრივ მამა ელის სასიკეთოდ მოქმედებს, თუმცა არ ითვალისწინებს შვილის სურვილებსა და მდგომარეობას [Wallace, 2007: 121-123].
ბიბლიოგრაფია:
1. აბზიანიძე ზ... 2011. სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია. ტომი I. თბილისი
2. ბრეგაძე კ. 2016. ლექციების ციკლი „კამპუსში“ : ნიცშეს ფილოსოფია ჩვენი გამოცდილების ჭრილში (სამი ლექცია). თბილისი
3. ბუაჩიძე თ. 2014. ფრიდრიხ ნიცშე და მისი „ესე იტყოდა ზარატუსტრა“. თბილისი
4. ვასაძე თ. 2010. ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში. თბილისი
5. ლორთქიფანიძე ნ. 1977. თხზულებანი. ტომი III. ნიკო ლორთქიფანიძე. თბილისი
6. ნიცშე ფრ. 2014. ესე იტყოდა ზარატუსტრა. თბილისი
7. რატიანი ი. 2011. ფაბულა და სიუჟეტი. თბილისი
8. Wallace J. 2007. The Cambridge Introduction to Tragedy. Cambridge